ევროპული კვლევების ინსტიტუტის ჟან მონეს პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა

19.08.2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ნინო ლაპიაშვილის მიერ ინიცირებულმა ჟან მონეს პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა და ევროკავშირის დაფინანსება მიიღო.  
 

როგორც ინსტიტუტის დირექტორი, ქალნატონი ნინო ლაპიაშვილი აღნიშნავს, ზოგადად ევროკომისიის ჟან მონეს პროექტები ორიენტირებულია ინოვაციის, განსხვავებული დარგების ურთიერთკვეთისა და ახალი ცოდნის შექმნის მეშვეობით ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მხარდაჭერაზე.

 
კერძოდ, ინოვაციაზე ორიენტირებული პროექტები ახალი მეთოდოლოგიებისა თუ  მიდგომების შემუშავებას ისახავს მიზნად, რათა საგნები ევროკავშირის შესახებ  უფრო მეტად მიმზიდველი და ადაპტირებული გახდეს  განსხვავებული სამიზნე ჯგუფებისთვის.

 
ინტერდისციპლინური პროექტები ორიენტირებულია დისკუსიის წარმართვის მეშვეობით ევროკავშირში მიმდინარე პროცესების და ზოგადად ამ გაერთიანების შესახებ ცოდნის გააღრმავებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდისაკენ.


ხოლო დისემინაციაზე მიმართული პროექტის ტიპი ფართო საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას მოიაზრებს და ამ მიზნით სხვა და სხვა ღონისძიების ორგანიზებას გულისხმობს.


ჟან მონეს პროექტის ფლობა ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უპირველეს ყოვლისა არის პრესტიჟი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც. ევროკავშირის მხრიდან ეს არის აღიარება და ნდობა, ერთგვარი გაცხადება იმისა,  რომ შეგიძლია მიაღწიო წარმატებას აკადემიურ სფეროში, ხელი შეუწყო განათლების ხარისხის განვითარებას ევროპიმსცოდნეობის სფეროში და ამგვარად უფრო მეტად დაუახლოვდე ევროპულ სივრცეს.   


რაც შეეხება, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ჟან მონეს პროექტს, იგი მიზნად ისახავს უნივერსიტეტში ინტერდისციპლინური ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის შექმნას. პროგრამა განხორციელდება ქართულ ენაზე ინგლისურენოვანი კომპონენტებით. პროექტის განხორციელებაში ჩართულები იქნებიან ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების ექსპერტებიც, რომლებიც საბაკალავრო პროგამის შემუშავების სხვა და სხვა ეტაპზე საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ქართველ კოლეგებს. საერთაშორისო კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებზე გამოკვეთილი საუკეთესო გამოცდილებები გამოქვეყნებული იქნება ინსტიტუტის ორენოვან სამეცნიერო ჟურნალში.  წელს სულ 360 გამარჯვებული პროექტი შეირჩა1447 კვალიფიცირებულ კონკურსანტს შორის. თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ჟან მონეს პროექტის საიმპლემენტაცია ვადა არის 24 თვე.  


აღსანიშნავია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი 2007 წელს ევროკომისიის ფინანსური დახმარებით TACIS-ის პროგრამის ფარგლებში დაარსდა. იგი კონცეპტუალურად თსუ-ს ოთხ ფაკულტეტს ეფუძნება - იურიდიულ, ეკონომიკის, ჰუმანიტარულ, ასევე, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებს და ევროკავშირს ასწავლის და იკვლევს ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან - ინგლისურენოვანი სამაგისტრო  პროგრამის (2007 წლიდან) და სადოქტორო (2014 წლიდან) პროგრამის ფარგლებში (Masters in European Studies და Doctoral Programme in European Studies) .  სამაგისტრო პროგრამის შექმნაში ჩართულები იყვნენ გრენობლის პიერ მენდესის საფრანგეთის უნივერსიტეტის, ასევე ათენის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბერძნული უნივერსიტეტისა   და ავსტრიული  ინსბრუკის საჯარო რეფორმების ცენტრისგან შემდგარი კონსორციუმის ექსპერტები. პროგრამის შემუშავების დროს გათვალისწინებული იქნა როგორც აღნიშნულ სფეროში ევროპის მოწინავე უნივერსიტეტების საუკეთესო გამოცდილებები, ასევე ბოლონიის პროცესის სტანდარტები და მიღწევები. ხოლო ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა 2014 წელს ENPI პროექტის ფარგლებში შეიქმნა დუბლინის თრინითის კოლეჯის, ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისა და  სლოვენიის უნივერსიტეტის ექსპერტთა მონაწილეობით.

 

ევროკავშირის ძალისხმევამ, ინგლისურენოვანი  პროგრამის სტრუქტურამ და შინაარსმა, მოწვეულ პროფესორთა პროფესიონალიზმმა, ისევე როგორც კურსდამთავრებულთა  კვალიფიკაციის მაღალმა დონემ და მათი დასაქმების 100 %-იანმა მაჩვენებელმა დიდად განსაზღვრა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის, როგორც საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის წარმატებულობის ხარისხი.   

 

ინსტიტუტის მიერ მაგისტრატურის და დოქტორანტური სტუდენტებისთვის შესასწავლი საგნების ფართო სპექტრია წარმოდგენილი, მათ შორის, ევროკავშირის ეკონომიკა, ევროკავშირის ფინანსური და სავალუტო პოლიტიკა, ევროკავშირის სამართალი, კონკურენციის პოლიტიკა და კონკურენიციის სამართალი, ევროპეიზაცია და ევროინტეგრაციის თეორიები,  ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და სხვა. სტუდენტებს აქვთ საშუალება დეტალურად გაეცნონ  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ასპექტებს უშუალოდ ამ პროცესში ჩართული პირებისგან, მიიღონ სათანადო ცოდნა ევროპის და ევროკავშირის ისტორიისა და ევროპის კულტურული მოზაიკის გარკვეული ასპექტების შესახებ.  

 

ამასთან, სტუდენტებს უნიკალური საშუალება ეძლევათ დაესწრონ, მონაწილეობა მიიღონ და კითხვები დასვან  საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით ჩატარებულ კონფერენციებში, საჯარო ლექციებსა და  სემინარებში. ეს პრაქტიკა ინსტიტუტმა წარმატებით დანერგა და შესაძლებლობა გაუხსნა ბევრ ახალგაზრდას ამ პროცესში პრაქტიკულად ჩართულ პირებთან ერთად მიღებული თეორიული  ცოდნის   გაანალიზებისათვის.

 

სასიხარულოა, რომ წელს ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე კონრად ადენაუერის ფონდმა საუკეთესო შედეგების მქონე 5 ქართველი  და 5 აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის სამაგისტრო პროგრამის მომავალი სტუდენტისთვის სრული სტიპენდია დააწესა, რაც სწავლის საფასურს სრულად ანაზღაურებს, ასევე ითვალისწინებს საცხოვრებელ ხარჯებს.

 

2015-2018 წლებში ევროკავშირის TEMPUS-ის პროექტის ფარგლებში ინსტიტუტში დაინერგა ინოვაციური სწავლისა და სწავლების მეთოდები, მათ შორის PBL, სიმულაციები, დისტანციური და შერეული სწავლება-  ბრიტანეთის სურეის უნივერსიტეტის, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტისა და მაასტრიხტის უნივერსიტეტის მონაწილეობით.

 

დღიდან დაარსებისა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ევროპულ აკადემიურ წრეებში ბევრი სტრატეგიული პარტნიორი შეიძინა,  რომელთან ერთად ხორციელდება მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტები. ინსტიტუტი ასევე აგრძელებს ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოში ევროკავშირის წარმოადგენლობასთან,  საქართველოში აკრედიტირებულ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ მისიებთან და საქართველოს სახელისუფლებო თუ  არასამთავრობო სექტორთან. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია 2011 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სხვა მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად ევროპული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტები ჩაერთნენ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში, ხოლო 2020 წლის მაისიდან განახლებული მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ პრაქტიკულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა.   წელს მაგისტრატურის სტუდენტებმა კომიტეტთან ერთად აღნიშნეს ევროპის დღეები და ასოცირების ხელმოწერიდან 6 წლის იუბილე.

 

 საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაახლოების პროცესში გამოიკვეთა, რომ საქართველო ყველაზე მეტად ევროკავშირის სამართლის სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის. ამიტომ 2021 წლიდან ვილნიუსის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყება ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის განხორციელება (Double Degree MA), რომლის ფარგლებშიც კურსდამთავრებულს თსუ კვლავაც მიანიჭებს ინტერდისციპლინური ევროპისმცოდენობის მაგისტრის ხარისხს (Master of Arts in European Studies), ხოლო ვილნიუსის უნივერსიტეტი ევროკავშირის სამართლის მაგისტრის კვალიფიკაციას (LLM in EU Law).
<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012