II სამუშაო შეხვედრა

დონორის შესახებ ინფორმაცია

ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტს მიენიჭა გრანტი შემდეგი პროექტის განსახორციელებლად -  "ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში" /ʹEUStBAʹ


ღონისძიების შეჯამება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა 2021 წლის 16 და 17 ივლისს ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ I სამუშაო ფაზის მეორე ორდღიან ვირტუალურ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სამუშაო ფაზის პირველი სამუშაო შეხვედრა და საერთაშორისო კონფერენცია ივნისის თვეში გაიმართა. სამუშაო შეხვედრა სრულად დაეთმო პროგრამების აკრედიტაციის ახალი სტანდარტების შესახებ მოხსენებებსა და შემდგომ დისკუსიებს, რაშიც მონაწილეობა მიიღეს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა პერსონალმა, ფაკულტეტებისა და თსუ-ის ცენტრალური ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა, დაინტერესებულმა მხარეებმა.

სამუშაო შეხვედრა, ტრადიციულად, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა და პროგრამის კოორდინატორმა  ნინო ლაპიაშვილმა გახსნა. პირველ დღეს ძალიან დროული და ინფორმატიული მოხსენებით წარსდგა თსუ იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი  ბატონი გიორგი მახარობლიშვილი. მოხსენება ქართულენოვანი იყო და შეეხებოდა თვითშეფასების ანგარიშის დაწერას, სწავლის შედეგებს, სილაბუსის ახალ ფორმასა და აკრედიტაციის საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის შემდეგაც დისკუსიის რეჟიმში ფაკულტეტების ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლები ჩაერთვნენ თემატური კითხვებითა და რეკომენდაციებით. შეხვედრის მეორე სესიაზე პროგრამის კოორდინატორმა  ნინო ლაპიაშვილმა მონაწილეებს წარუდგინა სასწავლო პროგრამების პირველადი ვერსიები და კურიკულუმით გათვალისწინებული სასწავლო კურსების ჩამონათვალი, რაც გაგრძელდა აკადემიურ პერსონალთან ინდივიდუალური ფორმატის შეხვედრებითა და მათი სილაბუსების განხილვით. 

შეხვედრის მეორე დღის მთავარი მომხსენებელი გახლდათ თსუ-ის ცენტრალური ხარისხის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი  ქალბატონი ქრისტინე ჩიხლაძე, რომელმაც ინგლისურ ენაზე ისაუბრა პროგრამის თვითშეფასების დასაწერად არსებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებზე. მოხსენების შემდეგ აკადემიურ პერსონალსა და სხვა მონაწილეებს, ასევე, ინდივიდუალ რეჟიმში ჰქონდათ კითხვების დასმისა და დამატებითი განმარტებების მიღების შესაძლებლობა. შეხვედრის მეორე სესია დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგით გაგრძელდა, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის წარმომადგენელმა  ქალბატონმა ირინე ჩხენკელმა ისაუბრა პროგრამის კურიკულუმში ენერგეტიკის სექტორის მოდულის გაძლიერებისთვის მხარდაჭერაზე, ხოლო ვაჭრობის საერთაშორისო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელ მდივანთან  ქალბატონ ხატია ბუხრაშვილთან ერთად განხილულ იქნა ევროპული კვლევების ინსტიტუტსა და ვაჭრობის საერთაშორისო პალატის ეროვნულ კომიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტთათვის პრაქტიკული კომპონენტის ინტეგრირების შესაძლებლობა.  

ჟან მონეს პროექტის ფარგლებში საბაკალავრო პროგრამის იმპლემენტაციის მიზნით მომდევნო სამუშაო ფაზა შემოდგომის სემესტრში დაიწყება. 


მეორე სამუშაო შეხვედრის  დღის წესრიგი  და   ქავერი .

მეორე სამუშაო შეხვედრის პრეს-რელიზი

თსუ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია. 

 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012